სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა და შპს „ხელობა ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშული პარტნიორობის ფარგლებში, xeloba.ge კოლეჯის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სარემონტო და სამშენებლო სფეროს ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისა და კვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების ეფექტიან დაკავშირებას.
აღსანიშნავია, რომ xeloba.ge არის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა ადგილობრივ ბაზარზე, სადაც სპეციალისტების მიერ წინასწარ არის განსაზღვრული და საჯაროდ მითითებული მომსახურების ღირებულება. სისტემა სრულად ფარავს საქართველოს რეგიონებს და დამატებით მოიცავს შეთავაზებების მექანიზმს - პლატფორმაზე იტვირთება კონკრეტული სარემონტო შეკვეთები, რის საფუძველზეც ოსტატები თავად აფიქსირებენ და სთავაზობენ დამკვეთს შეკვეთის შესრულების საკუთარ ფასს.
პლატფორმის ერთ-ერთ უმთავრეს სიახლესა და უპირატესობას ჩვენი კურსდამთავრებულთათვის ვერიფიცირებული ბეიჯის სისტემა წარმოადგენს, რომელიც ორმხრივ ნდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ვერიფიცირებული სტატუსი მნიშვნელოვნად ამაღლებს ოსტატის პროფესიულ იმიჯსა და ხილვადობას პლატფორმაზე, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, იზიდავს მეტ დამკვეთს და ზრდის პოტენციური შეკვეთების რაოდენობას.
„შპს ხელობა ჯგუფის“ უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების მქონე კადრების დასაქმებას, მათ პროფესიულ რეალიზებას და, ამავდროულად, მომხმარებელს შესთავაზონ უსაფრთხო, სანდო და მაღალი ხარისხის სერვისი.