სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა“ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან სტრატეგიული მნიშვნელობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი რეაბილიტაციისა და პროფესიული განათლების სისტემური ხელშეწყობა
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის“ დირექტორმა თეიმურაზ ასათიანმა. დოკუმენტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მათთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯმა უკვე წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი აღნიშნულ მიმართულებით. კერძოდ, N8 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა ორთვიანი სასწავლო კურსები ხის მხატვრული დამუშავებისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით.კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს გადაეცათ შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატები.
პროფესიული განათლების მიღება მსჯავრდებულებისათვის წარმოადგენს სოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც მათ შემდგომ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება. ამ მხრივ, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ მისიას, რომელიც მიმართულია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების მხარდაჭერისაკენ.
სამომავლოდ, მხარეები გეგმავენ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოციალური ინტეგრაციის პროცესების გაუმჯობესებას.