4 სექტემბერს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა დაარსებიდან 143 წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო დღის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლები ილია წინამძღვრიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და გაიხსენეს მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოში განათლებისა და პროფესიული სწავლების განვითარების საქმეში.
საიუბილეო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, კოლეჯის თანამშრომლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კოლეჯის დირექტორმა, თეიმურაზ ასათიანმა, რომელმაც ისაუბრა ილია წინამძღვრიშვილის მოღვაწეობაზე, მის მნიშვნელოვან როლზე განათლების განვითარების საქმეში და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის მასწავლებელს, ელისაბედ ნავდარაშვილს, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კოლეჯის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისი სიგელი გადაეცა.
კოლეჯისთვის 143 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან ისტორიას, დამკვიდრებულ ტრადიციებსა და პროფესიული განათლების განვითარების უწყვეტ პროცესს.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მომავალშიც გააგრძელებს იმ საგანმანათლებლო ტრადიციის განვითარებას, რომლის საფუძველიც 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა შექმნა.